ka | en
Company Slogan TODO

ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) ფოტოქიმიური იმობილიზაცია სილიკაგელზე და ამ მასალის გამოყენება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: თამარ ხატიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ქრომატოგრაფია, ქირალური სტაციონარული ფაზა, მოძრავი ფაზა, ენანტიომენები, თერმოდინამიკა
ანოტაცია:

ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს იმ მიზეზის გამო, რომ ენანტიომერები იდენტურ თვისებებს ავლენენ აქირალურ გარემოში, თუმცა ქირალურ გარემოში მათი თვისებები განსხვავებულია. მხოლოდ 1980 წლიდან გახდა შესაძლებელი მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით ენანტიომერული ნარევების დაყოფა. დღესდღეობით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში არსებული ქირალური სელექტორებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება პოლისაქარიდების საფუძველზე მომზადებული ქირალური სვეტები. პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სტაციონარული ფაზის დამზადება ძირითადად ხდება პოლისაქარიდის ნაწარმის ფიზიკური დაფენით სილიკაგელზე. ქირალური სელექტორის მომზადების ამ მეთოდს რიგი უპირატესობები გააჩნია. ერთის მხრივ, არის სწრაფი მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს სილიკაგელის ზედაპირის წინასწარ გააქტიურებას. რაც შეეხება კოვალენტურად იმობილიზებულ სელექტორებს, აქ პოლისაქარიდული ჯაჭვების ურთიერთდაკავშირება არის იმობილიზაციის მთავარი მექანიზმი. ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იმობილიზირებული ქირალური სტაციონარული ფაზები არის მდგრადი და თავსებადი გამხსნელების მრავალნაირ კომბინაციასთან. წინამდებარე პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) ფოტოქიმიური იმობილიზაცია სილიკაგელზე და ამ მასალის შედარება სილიკაგელზე ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) დაფენით მომზადებულ ადსორბენტთან ენანტიომერული ნარევების დასაყოფად მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. შედარებას ვახდენთ ენანტიომერების დაყოფის უნარის მიხედვით მოძრავ ფაზებად მეთანოლის, აცეტონიტრილის და ჰექსან/იზოპროპანოლის (სხვადასხვა მოცულობითი თანაფარდობით) ნარევების გამოყენებით; აგრეთვე განხორციელდა ქრომატოგრაფიული დაყოფების თერმოდინამიკური დახასიათება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com