ka | en
Company Slogan TODO

ელექტროლიტების, როგორც მაკრომინერალების როლი ნივთიერებათა ცვლის პროცესში და ელექტროლიტური დისბალანსით გამოწვეული პათოლოგიები

ავტორი: ქეთევან ხარაიშვილი
საკვანძო სიტყვები: ელექტროლიტები, ელექტროლიტური დისბალანსი, დისოციაციის ხარისხი, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა
ანოტაცია:

ცნობილია, რომ ზოგი ნივთიერება გახსნილ ან გალღობილ მდგომარეობაში ელექტრულ დენს ატარებს. მეორენი იმავე პირობებში არ ატარებენ. ნივთიერებებს, რომელთა ნალღობები ან წყალხსნარები ატარებენ ელექტრულ დენს ელექტროლიტები ეწოდებათ, ხოლო რომელთა არც ნალღობები და არც წყალხსნარები არ ატარებენ ელექტრულ დენს _ არაელექტროლიტები ეწოდება. ელექტროლიტებს მიეკუთვნებიან მჟავეები, ფუძეები და მარილები, არაელექტროლიტებს _ ორგანულ ნაერთთა უმრავლესობა. ნათელია, წყალში გახსნისას მჟავეები, ფუძეები და მარილები განიცდიან ღრმა ცვლილებებს, რომლებიც განაპირობებენ მიღებული ხსნარების ელექტროგამტარობას. ელექტროლიტები ელექტრული მუხტის მატარებელი მაკრომინერალებია, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ადამიანის სისხლში, შარდსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში. ისინი კანონზომიერადაა განლაგებული თითოეული უჯრედის მემბრანის გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე და დიდ როლს ასრულებს უჯრედების, ორგანოებისა თუ ორგანოთა სისტემების ფუნქციონირებაში, ამიტომ სისხლსა და სხვა ქსოვილოვან სითხეებში მათი რაოდენობის ცვლილება, უჯრედის შიგნითა და გარეთა სივრცეებს შორის ბალანსის დარღვევა ორგანიზმზე აისახება და სხვადასხვა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის დისფუნქციით ვლინდება. უჯრედების ნორმალური ფუნქციონირება სხეულში წყლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. წყალი აუცილებელია მათი ნორმალური ცხოველქმედებისთვის. ყველაფერთან ერთად, სწორედ უჯრედებში წარმოიშობა ნერვული იმპულსები, რომლებიც განაპირობებს კუნთების შეკუმშვას, შესაბამისად, სხეულის მოძრაობას და გულისცემას. თუ ელექტროლიტური ბალანსი დაირღვა, ეს ჯაჭვიც გაწყდება. ამრიგად, ჩვენი ნერვების, კუნთების, გულის, ტვინის სრულფასოვანი მუშაობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ორგანიზმში არსებულ ძირითად ელექტროლიტებზე: ნატრიუმზე, კალიუმზე, კალციუმზე, მაგნიუმზე, ფოსფატზე, ქლორზე, - რომლებსაც ორგანიზმი საკვებისა და სითხის საშუალებით იღებს. წყალი შედის და გამოდის უჯრედიდან ოსმოსის გზით. ოსმოსი წყლის დიფუზიაა ნახევრადგანვლად მემბრანაში, წყლის მაღალი კონცენტრაციის უბნიდან დაბალი კონცენტრაციის უბანში. როცა უჯრედში წყალი შედის ოსმოსის გზით, შესაძლოა უჯრედში გაიზარდოს ოსმოსური წნევა. თუ უჯრედს აქვს უჯრედის კედელი, ის ეხმარება წყლის ბალანსის შენარჩუნებაში. წინამდებარე ნაშრომში აღწერილია: 1) ელექტროლიტების როლი ნივთიერებათა ცვლის პროცესში. 2) ელექტროლიტების დისბალანსის გამომწვევი მიზეები. 3) ელექტროლიტური დისბალანსით გამოწვეული პათოლოგიები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com